სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის მამაკაცი გაიტაცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.
გატაცებულის ოჯახის წევრების თქმით, ელდარ გუნდიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გამოქცევა მოახერხეს, თუმცა 68 წლის ელდარ გუნდიშვილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. ის რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული პირდაპირ ცხინვალის ციხეში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.