საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა – სორინ გრინდეანუ დახვდა. შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის სახელმწიფო ჰიმნები.
პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოს დელეგაციისა და რუმინეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.