საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა კვლავ აკრძალული რჩება

0

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 21 აპრილს არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N826). მოსარჩელე ასაჩივრებდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ წესს, რომელიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი დავის ფარგლებში სახელმწიფოს ფართო დისკრეციას სადავო ნორმით რეგულირებული სფეროსა და დასაცავ სუბიექტთა წრის სპეციფიკურობა განაპირობებს. სასამართლოს განმარტებით, ერთი მხრივ, თამბაქოს პროდუქციის მოხმარება უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების მომსახურების მიმღები პირები არასრულწლოვნები არიან. არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ დასახელებულ პირთა ჯგუფი არ ფლობს სათანადო ცოდნას თამბაქოს მავნებლობის შესახებ. ამდენად, არასრულწლოვნებში თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის შეზღუდვის მომეტებული ინტერესი არსებობს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან 50 მეტრის რადიუსი არის არეალი, სადაც რეგულარულად იკრიბება/გადაადგილდება არასრუწლოვანთა დიდი რაოდენობა. კერძოდ, სკოლის გარშემო არსებული ტერიტორია, როგორც სკოლამდე მისასვლელი გზა, ისევე, სკოლის ეზო ან ეზოს გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, როგორც წესი, გამოყენებადია არასრულწლოვანთა თავშეყრისათვის, შესაბამისად, ამ რადიუსში არსებული ნებისმიერი თამბაქოს სარეალიზაციო ობიექტი მომეტებულად მოექცევა არასრულწლოვანთა თვალთახედვის არეში. სასამართლოს შეხედულებით, მხოლოდ პირდაპირი მისასვლელი გზისა და თვალთახედვის არეში მოხვედრის კრიტერიუმები არ არის საკმარისი. თამბაქოს სარეალიზაციო ობიექტსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ბარიერი რიგ შემთხვევებში დაძლევადი დაბრკოლებებია არასრულწლოვანთა მხრიდან.
გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ. გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მაია კოპალეიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

 

კომენტარები

კომენტარი