„აფხაზეთში, ნარკოტიკის მოხმარების კუთხით, უმძიმესი ვითარებაა“ – საიდან შედის ოკუპირებულ რეგიონში არალეგალური ნარკოტიკი

„აფხაზეთში, ნარკოტიკების მოხმარების კუთხით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, უკიდურესად ცუდი მაჩვენებელია ასევე, შიდსის გავრცელების მხრივ“,- აღნიშნული განცხადება ნარკოპოლიტიკის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კილაძის თქმით, მაჩვენებლის ზრდას კონკრეტული დაინტერესებული წრეები უწყობენ ხელს. ამის საბოლოო მიზანი კი მისი თქმით, ისაა, რომ აფხაზური ეთნოსი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დადგეს. ნარკოპოლიტიკის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნარკოტიკი არალეგალურად რუსეთის ფედერაციიდან შედის.
„ ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლის ზრდა – ეს არ ხდება შემთხვევით, გარკვეული წრეები ამაზე თვალს ხუჭავენ და ხელს უწყობენ, რომ აფხაზური ეთნოსი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დადგეს. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის აფხაზი ეროვნების ბევრი მოქალაქე, ნარკოტიკების ავად მოხმარების გამო, იღებს შესაბამის სერვისს პროფილურ კლინიკებში, ნაწილი ჩართულია ჩანაცვლებით პოლიტიკაშიც, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ძალიან ბევრი არალეგალური ნარკოტიკი შედის. ძალიან ცუდად არის დაყენებული პრევენციის სისტემა. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს სოხუმელ კოლეგებთან და გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან დაინტერესებული არიან გარკვეული სერვისების აფხაზეთის ტერიტორიაზე ამუშავებით. მათ შორისაა ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ რისკი იმისა რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროდუქტი შავ ბაზარზე მოხვდება, ძალიან დიდია. ჩვენ ვთავაზობთ მეტ ჩართულობას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მომსახურებაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის მიმდებარე რაიონებში გავაძლიეროთ ქსელი, რათა მათთვის ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომი იყოს“, – აღნიშნა ლაშა კილაძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები