„პოეტური თარგმანის ანთოლოგიის“ განხილვა გაიმართება

21 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში შედგება „პოეტური თარგმანის ანთოლოგიის“ განხილვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა, ცნობილმა მთარგმნელმა და მწერალმა ალექსანდრე ელერდაშვილმა განუცხადა, წარდგინებას დაესწრებიან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ცნობილი მოღვაწეები და მთარგმნელები, რომლებიც ისაუბრებენ მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ. გაიმართება წიგნის განხილვა და ავტორები წაიკითხავენ თარგმანებს.
„გავიდა ორი თვე ანთოლოგიის გამოსვლიდან… ალბათ, ყველას უკვე შეექმნა აზრი მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ. ამიტომ ვთხოვ დაინტერესებულ პირებს, რომ მობრძანდნენ და მოცემული წიგნის საფუძველზე ვიმსჯელოთ ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ.
ეს სფერო ღვთის ანაბარად არის მიტოვებული – არავინ წერს კრიტიკულ წერილება, არ აფასებს მთარგმნელთა საქმიანობას, არ გამოდის არანაირი პერიოდული გამოცემა კონკრეტულად თარგმანებისათვის, არადა, პოეზიის თარგმნა თავისთავად ისეთი პროცესია, რაც არასოდეს შემწყდარა და, მით უმეტეს, ახლა გრძელდება, როცა სოციალური ქსელების საშუალებით შესაძლებელია მკითხველთა დიდ რაოდენობას გააცნო საკუთარი ნაშრომი. ამიტომ ველოდებით ყველას, რათა ჩაერთონ დისკუსიაში და გამოთქვან აზრი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მთარგმნელთა კლუბის წარმომადგენლები და გაგაცნობენ ახალ თარგმანებს; განზრახულია პატარა ლაივ-კონკურსის ჩატარებაც ასე ვთქვათ, სწრაფი თარგმანით შეჯიბრებაში… ანუ, დაგეგმილი გვაქვს სიურპრიზებიც“! – განუცხადა „კვირას“ ალექსანდრე ელერდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები