მიხეილ ჯანელიძე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამ ძირითად ასპექტს გამოყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღებისკენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის სამართლებრივ ჩარჩოებში დარეგულირებას.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკის მეორე ძირითად ასპექტს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან იმ ტიპის დიალოგის წარმოება, რომელიც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა ხელს უწყობს მესამე, მნიშვნელოვან პუნქტს – რეინტეგრაციის პროცესს, შერიგების პოლიტიკას და საზოგადოების გაერთიანებას.

„ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უქმნის ყველა წინაპირობას რეინტეგრაციის პროცესს, იმისათვის, რომ საზოგადოებები შერიგდნენ და გაერთიანდნენ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვით, მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები