ლავროვი და ტილერსონი პირველი ორმხრივი შეხვედრით კმაყოფილები არიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში გამართული ორმხრივი მოლაპარაკების შედეგებით კმაყოფილები არიან. ტილერსონმა მოლაპარაკებას „შედეგიანი და გულახდილი“ უწოდა. ეს ტილერსონის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის ფარგლებში.
როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა.
„ჩვენ განვიხილეთ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი და აშშ-ის სარაკეტო დარტყმა სირიის ავიაბაზაზე“, – განაცხადა ლავროვმა.
მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ შეტევის „ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ც ამ გამოძიების ჩატარებას მხარს უჭერს.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ტილერსონის და პუტინის შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სირიაში ინციდენტების პრევენციის მემორანდუმის მექანიზმის ხელახალი ამოქმედებისთვის მზად არის, მისი მოქმედება შეერთებული შტატების მეირ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ იყო შეჩერებული.
ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-სთან დიალოგისთვის მზად არის და ტილერსონთან ერთად შეთანხდნენ, რომ ორი მხარე სპეცწარმომადგენლებს დანიშნავს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეფასდეს.
რექს ტილერსონმაც ორმხრივ მოლაპარაკებას პროდუქტიული უწოდა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობები „ყველაზე დაბალ წერტილზეა. ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ასეთი ურთიერთობების არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან.
სირიაზე საუბრის დროს ტილერსონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ასადის წასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მისი განცხადებით, „ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება და ეს ცხადია“.
ასადის ბედზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით შეთანხმებას სირიელებმა თავად უნდა მიაღწიონ. „რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით ბევრი ექსპერიმენტი არსებობს და ყველამ კარგად იცის, თუ რითი მთავრდება ეს. დიქტატორის ჩამოგდების პოზიტიური მაგალითი, როდესაც შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მე არ ვიცი“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ორივე დიპლომატის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების საკითხი ამ შეხვედრაზე არ განხილულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები