ირაკლი ფავლენიშვილმა თბილისის მერს ჯანმრთელობის დაცვის კუთხით საკრებულოს ინიციატივების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას ჯანმრთელობის დაცვის კუთხით საკრებულოს  ინიციატივების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა პროგრამებთან ერთად სამი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
„მაგალითად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის იმ პროგრამას მოვიყვან, რომლის განხორციელებაც ჩვენ დავიწყეთ. ბატონმა დავითმა არ დაინანა და ამ ორი წლის მანძილზე აღნიშნული პროგრამაისთვის   3 მლნ 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამას დაემატა აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლე პირებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნაც.
მეორე დიდი პროგრამა ძუძუს კიბოს პროგრამაა, რომელიც  ორ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება. ეს პროგრამა დაიწყო პირველადი ძუძუს კიბოს მკურნალობით, შემდეგ მოხდა მისი განვრცობა და მას როგორც ჰერცეპტინით მკურნალობა, ასევე მეტასტაზური სიმსივნეების მკურნალობა  და   სამი ახალი, ძვირადღირებული პრეპარატით მკურნალობაც დაემატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
დეპუტატმა  ასევე  აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა, რომლის საწყისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო.
ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გაიზარდა და ახლა ის უკვე ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, აღნიშნული მომსახურებით  თბილისში 700-მდე ბავშვმა ისარგებლა და ამ ეტაპზე  ეს პროგრამა, რომლის განვრცობაც მიმდინარეობს,  უკვე ექვს დიდ ქალაქშიც მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები