პარლამენტის თავმჯდომარე: ვგმობთ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმს

ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.
„ვგმობთ 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონისათვის სახელის შეცვლა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ასევე ვგმობთ აფხაზეთთან ადმინისტრიაციულ გამყოფ ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და თავისუფლებებს და ხელს უშლის გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობას.
ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები არის საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაკანონების მორიგი მცდელობა, მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პოლიტიკის გაგრძელებას.
ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.
მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას და მოვუწოდებთ მას ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის.
მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მათ მიერ მტკიცედ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები