ნატო ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და „რეფერენდუმს“ არ აღიარებს

ნატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც 8 აპრილს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიმართა. ამის თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას.
ნატო არ აღიარებს, არ ცნობს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“, – აღნიშნულია ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნატო ასევე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ „გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი“ უწოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “RT” იუწყება.
„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღვნიშნავთ, რომ ეს იყო კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, ძალზე გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ე.წ სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. როგორც პრესკონფერენციაზე ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ განაცხადა, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57,9 პროცენტი მიიღო.
ლეონიდ თიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო, ხოლო ალან გაგლოევმა – 11.01%. საბოლოო შედეგები 14 აპრილამდე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები