გიორგი მღებრიშვილი იორდანიის ჟანდარმერიის გენერალურ დირექტორს შეხვდა (ვიდეო)

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, გენერალ მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ამ ეტაპზე, რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ იშურებს, რათა არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
მიმდინარე წელს FIEP-ის პრეზიდენტი ქვეყანა იორდანიაა. 23-26 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების პრეზენტაცია შედგება. ლისაბონის შეხვედრაზე მას, სავარაუდოდ, დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 წლის ვადაში, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შეძლებს, გახდეს FIEP-ის სრულუფლებიანი წევრი.
უახლოეს მომავალში, შს სამინისტრო პარლამენტში წარადგენს „სპორტულ შეჯიბრებებზე, კულტურულ და სხვა სახის მასობრივ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც დასავლური სტანდარტების დანერგვასა და უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს, ასევე, FIEP-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები