გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს

„ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
პრეზიდენტი პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდებს
„საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება. თამამი ნაბიჯი იქნებოდა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა, კერძო სექტორის გასაძლიერებლად. სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშეც თვალსაჩინოა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
​პრეზიდენტმა, სიტყვის გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელზეც.
„დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან – იანვარ-თებერვლიდან – თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით, მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა, ეკონომიკის ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა.
სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ. მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია. არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება აუცილებელია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშს პარლამენტში 99 დეპუტატი ისმენს. პლენარულ სხდომას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები