ვახტანგ ჭელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება

10 აპრილს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვახტანგ ჭელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება მწერლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ვახტანგ ჭელიძე — ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997).
დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი,  ჟურნალ „ნიანგის“,  ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი,  გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „ხომლი“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“.
ვახტანგ ჭელიძე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1997) და ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ვახტანგ ჭელიძის პირველი თარგმანი — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ გამოქვეყნდა 1945 წ., პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ — 1955 წელს. ვახტანგ ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დანიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება: „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ (ტ. 1-4, 1973-83).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები