521 მომხრე, 75 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს, ევროპის პარლამენტის 521 წევრი ამ გადაწყვეტილების მომხრე იყო, 75–მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 36–მა თავი შეიკავა.
როგორც ტვიტერში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, ევროპულმა საბჭომ ეს საკითხი 26 აპრილს საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს.
როგორც ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა განაცხადა, უკრაინამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და გარკვეულ საკითხებში მოლოდინსაც გადააჭარბა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს. ახლა საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა მარია გაბრიელმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ, 11 მაისს უნდა გადაწყდეს.
საქართველოსთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 2 თებერვალს მიიღო. 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები