პრეზიდენტი: არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ  ერთმანეთს

 “არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კამპანიის, ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.
„მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი. თუ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ქუთაისელებისთვის არის ეკონომიკური საკითხი, იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს პარლამენტის გადატანას, უნდა მივცეთ ამის უფლება, მაგრამ მათ უნდა აიღონ ვალდებულება, ამ თემის ეკონომიკურად დაბალანსების. თუ ეს ემოციის საკითხია და მართლა პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია, მაშინ ესეც ძალიან ნათლად უნდა ითქვას.
ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან გულწრფელი დიალოგი უნდა გვქონდეს. თუ ქუთაისს პარლამენტი უნდა იმიტომ, რომ პარლამენტმა ქუთაისის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა და ძალიან არ გინდათ, რომ ამ ხალხმა დატოვოს ქუთაისი, ეს ერთი პოზიციაა და მაშინ ეს უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან გახარებული იქნებიან ამით.
მაგრამ თუ ეს ეკონომიკური პოტენციალით არის ნაკარნახები, მაშინ შესაძლებელია, მათ შევთავაზოთ ან მათ შემოგვთავაზონ სხვა გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის ამოსავალი არის თავისუფლება. თუ ადამიანს უნდა, რომ იმუშაოს მცხეთაში ან ბათუმში, ჩემი აზრით, ჩვენ არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, რაიმე პოზიცია ამ მიმართულებით არ გამაჩნია, ქუთაისელების ხმა არის მოსასმენი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები