2017 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა – პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობას უხდის

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა. დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
რაოდენობრივად, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.
„ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც, პრემიერის თქმით, „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება, არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ასევე გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის ექსპორტის მეტი კოორდინაციის თხოვნითაც მიმართა, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე „ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები