„შთაბეჭდილება რჩება, რომ გია ხუხაშვილი, ექსპერტი კი არ არის, თანამონაწილეა იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს

“აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
​მისი თქმით, ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის პროცესის განხილვაში და წინასწარმეტყველება, თუ რაზე გამოვა პრეზიდენტი და რაზე ილაპარაკებს, გაოცებას იწვევს.
”ცოტათი მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის პროცესის განხილვაში იმდაგვარად, რომ პირდაპირ სცენარსაც კი წინასწარმეტყველებენ, თუ რაზე გამოვა პრეზიდენტი, რაზე ილაპარაკებს, როგორი იქნება დეტალები და ასე შემდეგ. როდესაც ამ ყველაფერს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ადამიანი, კონკრეტულად გია ხუხაშვილი, ექსპერტი კი არ არის, პირდაპირ თანამონაწილეა იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს. ასეთი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვის ნიშნებს ბადებს. ეს არის ძალიან საინტერესო – აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული. მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ასეთი სახის ექსპერტებსაც, რომელთა წინასწარმეტყველებები იშვიათად ხდება ხოლმე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია არის დამბალანსებლის როლი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და არა ტემპერატურის აწევა და ისეთი თემების გამწვავება, რომელიც დღეს საქართველოში არ არსებობს”, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები