ხაჯიმბამ პუტინს მიუსამძიმრა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
„აფხაზეთში დიდი მწუხარებით აღიქვეს ის, რაც პეტერბურგში მოხდა. აფხაზეთის მოსახლეობის სახელით და პირადად ჩემგან, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს და რუსეთის ყველა მოქალაქეს სამძიმარს ვუცხადებ“, – წერს ხაჯიმბა.
ტერორისტული აქტი პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს, დღისით მოხდა. ტერორისტმა თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა.