ექიმი: პაკელიანს შესაძლებელია, დაზიანებები დავარდნის შედეგადაც მიეღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება მოხდება და იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელთა დანაშაული დადგინდება, ისინი სათანადოდ დაისჯებიან.
“თუკი ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა და გამოძიებით ეს დადგინდება, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც, ასე ვთქვათ, მიესალმება ისეთი პოლიციელების დასჯას, რომლებიც კანონს არღვევენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ექიმიც. როგორც თემურ ხუციშვილი აცხადებს, შესაძლოა ბრალდებულმა დაზიანება დავარდნის შედეგადაც მიიღო.
“შუბლის არეში აღენიშნებოდა ერთი ექსკორიაცია და შეწითლებული… ისეთი სხვა არაფერი… განსაკუთრებული დაზიანება, რომელიც რაიმე პირველად დახმარებას საჭიროებდა, ისეთი არაფერი აღენიშნებოდა. შესაძლებელია, რომ იგი დავარდნის შედეგადაც მიეღო.”

შოთა პაკელიანი ისანი-სამგორის რაიონის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მისი ოჯახი სამართალდამცავებს პაკელიანის ცემაში ადანაშაულებს, თუმცა შსს აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევის დროს წაქცევის შედეგად მიიღო.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ., რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები.

პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „ბიო“ ამოიღო.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული.

ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.

პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები