„ვმუშაობ ბათუმში და თათრებში წესრიგს ვამყარებ“ – არასწორია – კახა ბუხრაძის ჩვენება გასაჯაროვდა
ბათუმში, 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა.
ჩვენება 11 მარტს დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა გაასაჯაროვა.
კახა ბუხრაძე ჩვენებაში ძირითადად, მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს, რომელსაც პოლიტიკოსთა ნაწილი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდა.
ბუხრაძე, ასევე, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამოიყენა ფრაზა – „თათრებში წესრიგს ვამყარებ“.
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძის 16 მარტს არის დაკითხული.
ოქმიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც კახა ბუხრაძე თანამდებობაზე დაინიშნა, შეხვედრა სთხოვა მერაბ ღოღობერიძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა.
„მერაბ ღოღობერიძემ საუბრისას მითხრა, რომ სურდა რამდენიმე საჭირბოროტო საკითხის განხილვა. მე მას თანხმობა ვუთხარი. დავუთქვი დრო და მივიღე ჩემს სამსახურებრივ კაბინეტში. მერაბ ღოღობერიძემ მითხრა, რადგან ახალი დანიშნული ვიყავი თანამდებობაზე, უნდა გამეთვალისწინებინა აჭარის მოსახლეობის ადათ-წესები, ჩვეულებები.
მეორე მოთხოვნა წამოაყენა, რომ შემენარჩუნებინა ძველი კადრები. ჩვენი საუბარი მიმდინარეობა მშვიდ ატმოსფეროში. საუბრის დასრულებისას, მერაბ ღოღობერიძემ მითხრა, რომ ჰქონდა ერთი პირადი თხოვნა და წარმოთქვა ასეთი ფრაზა – მყავს მანქანა, მაგრამ არ მაქვს მართვის მოწმობა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მანქანით მოძრაობა, ამიტომ გთხოვ, შენი ხელქვეითები თუ გამაჩერებენ ოქმი არ შეადგინონო. მე მისი ეს მოთხოვნა გამიკვირდა და ვუთხარი, რომ უკანონო მოთხოვნას ვერ შევასრულებდი. მაშინ მან ირონიული ტონით მითხრა, რომ ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სულ მალე დიდი პრობლემები შეგიქმნაო“, – აღნიშნულია ჩვენებაში.
ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა, რადგან ამ ტრაილერებს უპირატესად გატარების პრივილეგია არ გააჩნდათ.
„მე მას უარი ვუთხარი, შენახული მაქვს მობილურ ტელეფონში აღნიშნული ქვითრები, რომელიც მერაბ ღოღობერიძემ გამომიგზავნა „ვიბერში“, – ნათქვამია ოქმში.
გარდა ამისა, ბუხრაძე ამბობს: „მინდა, გითხრათ, რომ ამ საღამოს ჩემთვის უაღრესად შეურაცხმყოფელი ბრალდება, რაზეც აქცენტს აკეთებდა მერაბ ღოღობერიძე და შემდეგ კი ყოველგვარი გადამოწმების და დასაბუთების გარეშე აიტაცეს პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა გამოცემებმა, თითქოს მე ამ საღამოზე გავაჟღერე ფრაზა – „ვმუშაობ ბათუმში და თათრებში წესრიგს ვამყარებ“, არასწორია. ასეთ რამ მე არათუ კორპორატიულ საღამოზე, არამედ, ცხოვრებაში, არასდროს მითქვამს. მე საქართველოს არც ერთი კუთხის წარმომადგენელი კნინობითი და დამცირებული ფორმით არასდროს მიხსენებია“, – აღნიშნულია ჩვენებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ წარმომადგენელი მერაბ ღოღობერიძე ბრალდებებს უარყოფს და დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, თუ საპატრულო პოლიციის უფროსს ვინმე დაემუქრა, ამის შესახებ მას გენერალური ინსპექციისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა ეცნობებინა.