ნინო დარასელი დედისა და დეიდის განაჩენზე – მივიღეთ კიდევ უფრო დაზარალებული დაზარალებულები

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებული რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილმა, ნინო დარასელმა სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ შეცდომად შეაფასა.
„ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერსი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ვერ ექნებოდა. როდესაც მოგვარდებოდა დაზარალებულთა პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც.
დღეს მივაღწიეთ რას?! 4 წლის წინ უკვე შეჩერებულ მშენებლობებს, რაც კი აშენებულია, ამორტიზებულია და განადგურებულ ოჯახებს და ასევე, კიდევ უფრო დაზარალებულ დაზარალებულებს. მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომა მოხდა“, – განაცხადა ნინო დარასელმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 – წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტს ეხება, რომელზეც თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ბრალი “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ჰქონდათ წარდგენილი.
გამოძიება დებს ამხანაგობა ”თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს თავდაპირველად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში რამდენიმე პარლამენტის წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო, ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები