საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საპატიო ყარაული მიიღებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდება. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ.
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან.
ვიზიტის მეორე დღეს კი ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით, ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ​
ვიზიტის დასასრულს, თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები