“პაციენტი საკმაოდ დატვირთული ანამნეზით, უგონო მდგომარეობაში დახვდათ” – თბილისში სამედიცინო ბრიგადამ ასაკოვანი ქალბატონის სიცოცხლე იხსნა
თბილისში სამედიცინო ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი, ასაკოვანი ქალბატონის სიცოცხლე იხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის 0525 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით – „უგონო“.
ასაკოვანი ქალბატონი შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.
შვილმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ექიმების მოსვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყო.
ექიმ იოსებ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მისულებს პაციენტი საკმაოდ დატვირთული ანამნეზით, უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
ექიმებმა სწრაფად შეაფასეს მდგომარეობა და დაუყოვნებლივ პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს. მალევე პულსი აღდგა. პაციენტი მომზადდა ჰოსპიტალიზაციისთვის, მოთავსდა ფარზე და აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში”, – წერია ინფორმაციაში.