ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.
სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევების დუბლირების თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების უკეთესი მენეჯმენტის უზრუნველყოფას.
სინდიკატების მუშაობა ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ეროვნული დონის დოკუმენტებში, ორმხრივ პროგრამებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმატებში აისახება.
სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები