„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრე: ის, რომ რიმა ბერაძე დაგვემუქრა, სიცრუეა

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მანანა გერგედავა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მათ დაემუქრნენ, რომ აქციებს თუ არ შეწყვეტდნენ, 3000-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.
​როგორც „კვირას“ გერგედავამ განუცხადა, დაზარალებულებს რიმა ბერაძემ განუმარტა, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს საშუალება, 3000-ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია გასცეს. მანანა გერგედავა ამბობს, რომ რიმა ბერაძის განცხადება ინტერპრეტირებული სახით გაშუქდა.
„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თითქოს, რიმა ბერაძე დაგვემუქრა იმით, რომ თუ აქციები არ შეწყდებოდა, 3000-ლარიან კომპენსაციასაც ვერ მივიღებდით. ქალბატონ რიმას მსგავსი რამ არ უთქვამს, მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე, მეტი თანხის გამოყოფის საშუალება არ გვაქვს და სასურველია, აიღოთ აღნიშნული თანხებიო – ეს იყო და ეს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მისცეს ინტერპრეტაციაა მის განცხადებას და სხვა სახით გააშუქეს. სხვა დაზარალებულებიც იმავეს ამბობენ, რომ ქალბატონი რიმასგან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია“, -განუცხადა „კვირას“ მანანა გერგედავამ.
”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ადვოკატის თქმით, საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის მხრიდან დაზარალებულების მისამართით „მუქარის ზარები ისმის“.
ცნობისთვის, დაზარალებულებმა დღეს ამერიკის საელჩოსთან აქციაც გამართეს, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, ელჩს შეუძლია, პრობლემის მოგვარების საკითხზე მათ საქართველოს მთავრობასთან უშუამდგომლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები