ბესელია და სესიაშვილი ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, ლონდონში გაემგზავრებიან, სადაც 27 – 31 მარტს, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება, კონფერენციის მონაწილე 40-მდე ქვეყნის პარლამენტარი იმსჯელებს და ერთმანეთს გაუზიარებს გამოცდილებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიებზე, მოქალაქეების ტერორიზმისგან დაცვის მექანიზმებზე და კიბერდანაშაულის მზარდ საფრთხეებზე.
კონფერენციაზე ეროვნული უსაფრთხოების თემები განხილული იქნება გლობალურ კონტექსტში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სესიებზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ეროვნული უსაფრთხოების შესაბამისობა მდგრადი განვითარების დისკურსთან; პარლამენტარების როლი ეროვნული ინტერესების დაცვის, საკანონმდებლო მოწესრიგებისა და განხილვის პროცესში; საპარლამენტო ზედამხედველობა საკუთარი ქვეყნის ჯარების საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე; ბალანსის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვისას; საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების მმართველი აპარატის სამოქმედო ფუნქციებს, სტრატეგიიდან იმპლემენტაციის ჩათვლით. ასევე, განხილული იქნება ბრიტანეთის პარლამენტისა და სხვა ორგანიზაციების როლი ეროვნული სტრატეგიის ზედამხედველობაში.
ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ. კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადი საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.
ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დაგეგმილია ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები