ომბუდსმენმა დამსაქმებლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. საქმე დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმის, განსაკუთრებულ სამართლებრივ ასპექტებზე გაამახვილა. ომბუდსმენმა, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და შედარებითი ანალიზი წარმოადგინა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლი, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ისინი დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე უარს ამბობენ. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო, მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხებზე სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის სასამართლოს როლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა სრულყოფილი არ არის, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ, ძალიან მწირია”, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები