მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილე დავით დოლიძესთან ერთად, მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად, გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება.
„მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ, მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია, მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად, გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება.
გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები