“საქართველოს საკითხი აქტიურად დგას გაეროს დღის წესრიგში და ის დადგება  მომდევნო სესიების განმავლობაშიც

” პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაეროს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც.
როგორც ჩუგოშვილმა გაეროში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას აღნიშნა, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.
”ეს ნიშნავს იმას, რომ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს, მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაეროს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით, გადაიდგას მომდევნო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ​
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რეზოლუციას ძალიან მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, ასევე, მიუთითებს იმას, რომ გაეროში საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება.
”43-მა წევრმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, რაც ნიშნავს, იმას, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩვენ გამოგვიცხადა მხარდაჭერა და იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც უერთდებიან ამ რეზოლუციის სპონსორებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს, პირველ რიგში, იმის შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა მიულოცა დიპლომატებს ეს გამარჯვება და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების უზრუნველყოფაში მათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები