გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან” მიიღო

ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 34-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან. 43 სახელმწიფო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაეროს სპეციალურმა ორგანომ – ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.
რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ასევე, საბჭო მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და სპეციალური პროცედურების მანდატების მფლობელებთან.
რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევების ფაქტები, ასევე, ორივე რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევები.
დოკუმენტში, ​აგრეთვე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. ხაზგასმულია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და სხვა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები ვერ ახერხებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლას. საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს ამ რეგიონებში ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასებისა და პერიოდული მონიტორინგის აუცილებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად. ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე სესიებზე.
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი 2016 წლიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები