მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით

 ”ჩვენ, საბედნიეროდ, ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა. მიხეილ ჯანელიძემ გამოცემასთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით.

”ჩვენ, საბედნიეროდ, ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს. შეხვედრის დროს, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე, ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობების ისტორიაზე, იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ასევე, იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით და ეს რა თქმა უნდა, აშშ-ის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.  ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზეც, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით და არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იქნება ეს გაერო თუ ეუთო, სადაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ასევე, ის ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის როლზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზნები-უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დგას ამ დისკუსიის და ჩვენი განხილვების დროს, და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ამ პრობლემების გამკლავებისას ჩვენს დახმარებას. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ მიმემართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის ღია დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტებს ევროპაში, სადაც აშშ-ის ელჩმა გაეროში დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება, გვესაუბრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზაზე და აქაც გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაზეც ისაუბრა.
”პრემიერ მინისტრს მიეცა საშუალება, ჰქონოდა მოკლე შეხვედრა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, შეთანხმდნენ, რომ გაიმართება შეხვედრა ვაშინგტონში. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაიმართოს აშშ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ფორმატის -სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე, როგორც გაიმართოს სხვა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით თეთრ სახლში და შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც მეც შევხვდი ჩემი ვიზიტისას, მიმდინარე კვირის განმავლობაში”, – განაცხადა ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ანტიისლამურ კოალიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„საქართველო გლობალური კოალიციის აქტიური წევრია“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ჩართულია კოალიციაში მისი შექმნის დღიდან, 2014 წლიდან.
”ჩვენი მონაწილეობა ამ კოალიციაში, პირველ რიგში, ეს არის დადასტურება საქართველოს კონტრიბუციის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი. ჩვენ ჩართული ვართ კოალიციაში მისი შექმნის დღიდან -2014 წლიდან. იმისათვის, რომ ჩვენ კონტრიბუცია მოგვეხდინა კოალიციის საქმიანობაში, გავატარეთ საკანონმდებლო რეფორმები ქვეყნის შიგნით, ისევე, როგორც ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ჩვენი საზღვრების დაცულობა და მეტი უსაფრთხოება. ამით ჩვენ, რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას კიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელიც ებრძვის ამ გლობალურ გამოწვევას-ტერორიზმს და კონკრეტულად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი კრიზისი და წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები