ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.
საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.

ტაძარში სხვადასხვა მონასტრების ბერ-მონაზვნები და ჩოხოსნები არიან შეკრებილი.

სვეტიცხოველში ამ დროისთვის დეპუტატები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებიან.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა.
ავტოკეფალიის აღდგენამდე, რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.
მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები