სოფელ კოდიწყაროს განაპირას რუსმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდიწყაროს განაპირას რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, დაკავება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მათივე ცნობით, დაკავებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია და დაზუსტებული არ არის გადაიყვანეს თუ არა უკვე ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში.