მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.
ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები – ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე, სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა სამხედროს საგანგებო ზალპით მიაგო პატივი, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.
უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონთან ერთად ჩაერთო. მისი ქვედანაყოფი სოფელ ტბეთის მიმდებარედ საქართველოში შემოჭრილ მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძოდა.
ანზორ გელდიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლებით – „მხედრული მამაცობისთვის“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები