თბილისიდან მიწვეულმა ექიმებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისათვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირინა გაგუამ და ონკოქირურგმა გიორგი მწყერაშვილმა პაციენტებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს.
აქციის ფარგლებში უფასოდ ჩატარდა სხვადასხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, კერძოდ: ციტოლოგიური კვლევა, ექოსკოპია, მამოგრაფია, კომპიუტერული კვლევა, ბრონქოსკოპია, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ციტოლოგია-ბიოფსია, რენტგენოლოგიური კვლევა, მუცლისა და მცირე მენჯის ექოსკოპია და მამოგრაფია.
როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა თამარ მელიქიძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები საჩხერის საავადმყოფოში მომავალშიც ჩატარდება.
„ჩვენს კლინიკაში მსგავს ღონისძიებებს სისტემატური ხასიათი აქვს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლინიკას აქვს ულტრათანამედროვე აპარატურა და ჰყავს პროფესიონალი კადრები, როგორც ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური ექიმები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. ამჯერად უფასო კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები თბილისიდან მოწვეულმა გამოცდილმა ექიმებმა – გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირინა გაგუამ, ონკოქირურგებმა გიორგი მწყერაშვილმა და გიორგი ქრისტესაშვილმა, თორაკოქირურგმა ზაზა ლომაძემ და დოქტორმა მამუკა ხუტაშვილმა ჩაატარეს. უფასო მომსახურების მიღება ყველა მსურველს შეეძლო – როგორც საჩხერის, ისე მეზობელი რეგიონის მოსახლეობას. მსგავსი აქციების ჩვენს სამედიცინო ცენტრში კვლავ იგეგმება. ასე რომ, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალი ექიმები ყოველთვის მზად არიან იზრუნონ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე,“ – აღნიშნა თამარ მელიქიძემ.
ცნობისათვის – საჩხერის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილური სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს: სამკურნალო და სარეაბილიტაციო განყოფილებებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, 10 სოფლის ამბულატორიას, 1 პოლიკლინიკას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და 7 სტაციონარულ განყოფილებას.
2015 წელს კლინიკას მიენიჭა „დარგის ლიდერის“ საპატიო წოდება – II ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფინანსურ-სამეურნეო მიმართულებაში ექვსი ნომინაციის შედეგებით.
ასევე, 2015 წელს კლინიკას მიღებული აქვს „მადლობის სიგელი“ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის (სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური).
2016 წლიდან სამედიცინო ცენტრი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება და გაიარა აკრედიტაცია სარეზიდენტო პროგრამებში: ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, პედიატრიაში, კარდიოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ნევროლოგიაში.
2016 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის სერვისს დაემატა ონკოლოგიური-ქირურგიული მომსახურება, 2017 წლიდან კი – პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ატარებს.