ირაკლი კობახიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მიიღო.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოში სტაბილური პარლამენტის არსებობას, რომელიც მთავრობას ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაცისათან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას გაცილებით ადრე იმსახურებდა. როგორც პიტერ სიიარტომ შეხვედრისას აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს წვლილის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ძლიერია პროდასავლური განწყობა, რასაც 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, დიალოგში პროგრესი არ არის. მისივე განცხადებით, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს,რომლის მიზანიც წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირებაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ეკონომიკურ რეფორმებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. პიტერ სიიარტოს შეფასებით, ეს ამოცანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. კიდევ ერთ პრიორიტეტად პარლამენტის თავმჯდომარემ დეოკუპაცია დაასახელა და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართველი ხალხისა და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.
ირაკლი კობახიძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, პიტერ სიიარტომ კონსტიტუციური რეფორმის უნგრულ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მიესალმება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ქვეყნის უმთავრესი კანონის დახვეწას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში უნგრეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზეც. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას განათლების სფეროში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას გეგმავს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. მინისტრის განცხადებით, სასურველი იქნება, თარიღთან დაკავშირებით თბილისსა და ბუდაპეშტში კულტურული ღონისძიებები გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები