გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო აპრილის თვეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი, სადაც ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, 50 მსხვილი უნგრული კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა და პიტერ სიიარტომ ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის კუთხით არსებული დინამიკა, რასაც, მხარეთა შეფასებით, ხელს უწყობს უნგრული ავიაკომპანია “ვიზიარის” დაბალბიუჯეტიანი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. მისი განცხადებით, საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატოს მიმართულებით სვლას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები