მიხეილ ჯანელიძე – რუსეთის აგრესიული ნაბიჯები საჭიროებს დაგმობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაერთიანების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, საჭიროებს დაგმობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ორიენტირებულია განვითარებაზე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
„ჩვენ ყველა ფორმატში, სადაც კი საქართველო-რუსეთის კონფლიქტი შეიძლება განხილული იქნას, ეს იქნება გაერო, ეუთო, ადამიანის უფლებათა კუთხით ევროპის საბჭო თუ სხვა ყველა ფორმატი, ყველგან გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის უნგრეთის მთავრობის მხრიდან, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია, რომ დიპლომატიური არხებით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, მოიძებნოს შესაძლებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების. ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, საჭიროებს დაგმობას, რაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საერთაშორისო საზოგადოების ასეთი აქტიური დახმარებით, ჩვენ მოვახერხებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების მოძიებას“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები