თემურ მეტრეველის მეგობრებისა და „ომეგა ჯგუფის“ ინიციატივით, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშა

პირველი ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალის, ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ გამოცემის 140-ე წლისთავი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტების ნაწილმა მცხეთაში, ილიას ძეგლთან აღნიშნეს და აწ განსვენებული ჟურნალისტის, თეიმურაზ მეტრეველის იდეა, რომ 16 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღე გამოცხადდეს, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

აღსანიშნავია, რომ თემურ მეტრეველი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში გაზეთ „ახალი ეპოქის“ რედაქტორი იყო, 16 მარტს, მეგობრებსა და სტუდენტებთან ერთად, სწორედ მცხეთაში, ილიას ძეგლთან მიდიოდა და ერის უგვირგვინო მეფეს იხსენებდა და გამოდიოდა ინიციატივით, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 კი არა, არამედ, 16 მარტს აღნიშნულიყო.

დღეს თემურ მეტრეველის გზა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, გარდაცვლილი ჟურნალისტის მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმაც გაიარეს.

ღონისძიებაში, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ მხარდაჭერით და ინიციატივით გაიმართა, თეიმურაზ მეტრეველის მეგორები და კოლეგები – ჯემალ კასრაძე, დათო ჭელიძე, მანანა მაზიაშვილი, როსტომ ჩხეიძე, ანდრო ბედუკაძე, ნანა ცინცაძე, თამრიკო თათარაშვილი, ვანო ჯაფარიძე და სხვები მონაწილეობდნენ.

მცხეთაში, ილიას ძეგლთან, თეიმურაზ მეტრეველის მეუღლე ლია მეტრეველიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, ამ დღის აღნიშვნა პირველად სწორედ თეიმურაზ მეტრეველის ინიციატივით დაიწყო.

დღესვე, თეიმურაზ მეტრეველის მეგობრებმა და სტუდენტებმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები