საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბუიარ ნიშანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნიშანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ალბანეთის მხარემ ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზეც ისაუბრეს და ყურადღება ალბანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებაზე გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ალბანეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები