გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მონაწილეა

“ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სტაბილურობასთან და იმ საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია კონფლიქტებისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალურ ფორუმზე განაცხადა, სადაც 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა.
​როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელებულა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე დასწრების და პატივცემულ საზოგადოებასთან და მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, ასეთი მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების საშუალებისთვის. მე მოვისმინე მრავალი ძალზე საინტერესო პრეზენტაცია და მოსაზრება და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენც ძირითადად, იმავე საზრუნავს ვიზიარებთ. ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სტაბილურობასთან და იმ საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია კონფლიქტებისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. 30 წლის წინ, ცივი ომის დასრულებისას, მსოფლიოს მომავალი ბევრად უფრო ოპტიმისტურად წარმოგვედგინა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ცივი ომის დასრულება მსოფლიოს მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანდა, ხოლო გლობალიზაცია მეტ თანამშრომლობას და შესაძლებლობას ვაჭრობის, თანამეგობრობის და კულტურათა დიალოგის სფეროში, მაგრამ ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. დღეს ჩვენ ვხედავთ ტერორიზმით, ტანჯვით, მასობრივი განადგურებით და ომებით აღსავსე სამყაროს და ვფიქრობთ, თუ როგორ გავხადოთ არსებული პროცესები უფრო სტაბილური და მშვიდობიანი. ჩემი ქვეყანა გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მონაწილეა. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განხორციელებულა. ჩვენ გვჯერა ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, რათა დავიცვათ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალური სტაბილურობა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში თითოეული ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და აფრიკაში და გვჯერა, რომ ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო სტაბილურს გახდის საქართველოს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები