„ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინოს

“​​ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალურ ფორუმზე განაცხადა, სადაც 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა. ​
​როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობისა, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული.
„საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობისა, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული. საქართველო ოკუპირებულია მეზობელი, ძალიან ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს, რუსეთის მიერ. რუსულმა არმიამ ოკუპაცია 2008 წელს დაიწყო, თუმცა საქართველო მანამდეც, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებისასაც იყო ჰიბრიდული ომის მსხვერპლი. ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, დაზარალებულია მეზობელი ქვეყნის მიერ. ეს ის ფაქტია, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფაქტის აღიარება მიგვიყვანს უფრო ნათელ გადაწყვეტილებებსა თუ ხედვებამდე. რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიუთითებს დარღვეულ საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო გლობალური წესრიგზე. ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია ამ პოლიტიკის და იმ რწმენის შედეგად, რომ რუსეთს გააჩნია მეზობელ ქვეყნებზე ძალადობის უფლება. ერთია რუსეთის განცხადება და მეორე იმ ქვეყნების მკაფიო რეაქცია ამ მიუღებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებსაც სჯერათ საერთაშორისო ურთირთობების და გლობალური უსაფრთხოებისა. მე არ მიმაჩნია, რომ 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის და შემდეგ უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის პერიოდში თითოეული ჩვენგანის რეაქცია სათანადოდ მკვეთრი იყო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუპასუხოთ გლობალიზებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებულ ტერორიზმის, ჰიბრიდული ომის და არათანაბარი ძალაუფლების გამოწვევებს, რადგან ეს გამოწვევები საფრთხეს წარმოადგენს თითოეული იმ ქვეყნისთვის, რომელიც უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის აგრესიის დაგმობისას, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულახდილნი და არა თვალთმაქცნი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად ძლიერი, თუ ნაკლებად ძლიერი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ხორციელდება აგრესია მეზობლის მიმართ. გუშინ, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში განწესდა ე.წ. არმია, რომელიც რუსულ სამხედრო კონტროლს ექვემდებარება. ეს არის ის მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დაცინვას ცდილობს. შესაბამისად, მჯერა, რომ მომავალი სტაბილურობა ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენს გულწრფელ რეაქციაში მდგომარეობს. მდგომარეობს ასევე, ჩვენს კრიტიკულობაში, პირდაპირობაში და იმ რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მსოფლიოს მომავალი სტაბილურობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართალის ერთგულნი და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი. სწორედ ამას აკეთებს საქართველო რეგიონში. ჩვენ ვართ აზერბაიჯანის, თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის ის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მათ საკუთარი შესაძლებლობების და სამომავლო საკეთილდღეო პროექტების განხორციელებას სთავაზობს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები