იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

  იუსტიციის სამინისტროს ევროპის საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილეები − ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საუბარი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ის კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, როგორც ეროვნულ დონეზეა ჩართული ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე იქნება წარმოდგენილი ევროპულ პროცესში, რომელსაც ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროსაბჭო ხელმძღვანელობენ. ეს ორგანიზაცია, რომელიც ერთიან ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული, საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, ჰქონდეს ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა მთავარი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის, რადგან უამისოდ არ არსებობს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაა, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები ჯეროვნად იქნება დაცული. ამ მიზნის მისაღწევად კი ევროსტრუქტურების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები