სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს

​ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ „საპარლამენტო“ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. დე ფაქტო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველომ კიდევ ერთხელ მიმართა კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნაბიჯს ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის, უკანონო არჩევნებისა და ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე”.
“რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროპაგანდისტულ რიტორიკაში, შეუძლებელია, რომ ამას გავლენა ჰქონდეს სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმში აცხადებენ, რომ ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ აფხაზეთი წარმოადგენს ჩამოყალიბებულ, სუვერენულ სახელმწიფოს ყველა აუცილებელი ინსტიტუტით. ის მოქმედებს საკუთარი კანონებით, ავითარებს ურთიერთობებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც პრიორიტეტულად მიაჩნია.
“თუ საქართველოში არ სურთ ამის დანახვა, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ცხოვრება გამოგონილ სამყაროში, თუმცა ეს ხელს არ შეუწყობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ აღქმას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. პარლამენტის არჩევნებზე განცხადება ორშაბათს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ე.წ არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და მას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები