მეუფე პეტრე: მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში, მაგრამ უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს
„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა“, – აცხადებს მეუფე პეტრე წერილში, რომელიც 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა.
მეუფე პეტრე წერილში სასულიერო პირებს მიმართავს და სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ „ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები ფაქტობრივად აღარ მოქმედებს”.
„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას, ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ, თქვენს მართლკვეთელობას “, – აცხადებს მეუფე პეტრე წერილში, რომელიც 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს.
“ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას”, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის 9 მარტის განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა გააცნო. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მერე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს.
„მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის“, – ნათქვამია განჩინების ტექსტში.