ხმაური დასჯადი 2017 წლის 1 ივლისიდან გახდება

“​2017 წლის 1 ივლისიდან ხმაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდება”,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს სპეციალურმა კომისიამ ხმაურის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დოკუმენტი პარლამენტში შესაბამისი პროცესების გავლას ელოდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზღვარგადასული ხმაური დასჯადი გახდება როგორც დღის, ასევე, ღამის საათებში. პირველ ეტაპზე, ღამის საათებად საღამოს 11:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად, დღის საათები დილის 07:00 საათიდან საღამოს 11:00 საათამდე პერიოდი.
საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტში მკაცრად გაწერილია ასევე დეციბალებიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დღის საათებში განსაზღვრულია 40 დეციბალით, ხოლო საღამოს საათებში ზღვრული ნორმით 30 დეციბალი. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ კანონდარღვევას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობის ზარი კი 112-ში დაფიქსირდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე გახდა ცნობილი, კანონდამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე, 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით. წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმები გაორმაგდება.
​რაც შეეხება, საკურორტო ზონებს, კობახიძემ საკრებულოს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან შედარებით, ბევრად უკეთესი და მისაღებია.
​კობახიძის თქმითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და მასში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მიღებული რეკომენდაციებია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები