მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩის გაყოლებაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიდუბის ხიდამდე, მდინარე მტკვარი და მისი კალაპოტი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. იწმინდება. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ ალპინისტებიც.
“მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დიდუბიდან გლდანის მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ამოღებას. პარალელურად, მიმდინარეობს ხეების გასხვლა და სხვა ტიპის სამუშაოები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მტკვარზე რეკრეაციული სივრცე და მეორე მხრივ, იყოს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მტკვრის მასშტაბური გაწმენდა პერმანენტული ხასიათისაა და ჯამში, დაახლოებით, 10 კმ.-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. ამ დროისათვის, თითქმის სრულად გაწმენდილია მონაკვეთი – ორთაჭალის ჰესიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე. შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები