პრემიერი: ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იმდენი ძალა, რამდენიც კონკრეტულ მომენტშია საჭირო სტაბილურობის მისაღწევად (ვიდეო)

 წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თათბირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შეძლეს, ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო. მისი თქმით, ახლა საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა კომპლექსური მოქმედება და კონსოლიდაცია სტაბილურობის მიზნის მისაღწევად, ასევე, უნდა გაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენ წამქეზებლები დამოხდეს პრევენცია რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით – “ მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში” აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებმაც გასული ღამის განმავლობაში გმირობა და თავშეკავება გამოიჩინეს. პრემიერის შეფასებით, ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი საქართველოში და მომავალშიც, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ამავე მაგალითით – გამოიყენოს იმდენი ძალა, რამდენიც კონკრეტულ მომენტშია საჭირო სტაბილურობის მისაღწევად. „რა თქმა უნდა, მომავალში მაქსიმალურად მეტი უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, იმისათვის, რომ ეს ერთობა იგრძნობოდეს ყოველდღე და ყოველ წუთში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები