„ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული“

ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველების მოქმედებებით მაქსიმალურად იქნა თავიდან აცილებული ზიანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი დაზარალებული მოქალაქეების სახით. ბუნებრივია, ყოველთვის ყველაფერი ბუნებაში ტოვებს გარკვეულ შემთხვევაში უკეთესის სურვილს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული, განსაკუთრებით ვგულისხმობ იმ ეპიზოდს, როდესაც ხდებოდა ზღვარგადასული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები დემონსტრანტების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია რეალური პრობლემის იდენტიფიცირება და იმის პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„ამ წუთისთვის არ შეიმჩნევა არანაირი რისკი ისეთი ტიპის ქმედებების, რომელსაც ჰქონდა ადგილი სულ რამდენიმე საათის წინ. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ქვეყანაში, ბუნებრივია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, დაუშვებელია ყოველგვარი ზრღვარგადასული ქმედებები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს რეალურად ბრალეულობა ყოველმხრივ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს, დაწყებულს ე.წ. მცირე ინციდენტიდან, გაგრძელებულს იმ ქმედებებამდე, რომლებიც გასცდა კანონის ფარგლებს. მხოლოდ ამ მთლიანი ჯაჭვური ანალიზის შედეგად იქნება შესაძლებელი რეალური პრობლემის იდენტიფიცირება და იმის პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, იმიტომ, რომ დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ხდებოდეს მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები