მისი თქმით, თუ ვინმე დასასჯელია დაისჯება, თუ ვინმე სამსახურიდან გასაშვებია, გაუშვებენ, თუ მოქალაქეების მხრიდან იყო პოლიციელების მიმართ ძალადობა, ამაზეც უნდა მოხდეს რეაგირება.

ირაკლი სესიაშვილი მხარეებს სიტუაციის განმუხტვისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

“არასასურველი ფაქტია. არ შეიძლება ცალმხრივად მივუდგეთ და მხოლოდ იმის განალიზება დავიწყოთ, რატომ მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება. კადრებში დავინახეთ ქვების სროლის ფაქტებიც. არ ვართ ხელისუფლება, რომელსაც რაიმე პრობლემა აქვს საკუთარ ხალხს დაელაპარაკოს. თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, საჭიროა გენინსპექცია გაერკვეს სიტუაციაში. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, მთავარია სიტუაცია განიმუხტოს, ხალხი დამშვიდდეს. თუ რამ გამოიწვია ვითარება, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის შეფასდეს, როგორ მოქმედებდა პოლიციელები დაკავებულ 6 პირთან მიმართებით, ასევე რამდენად მართლზომიერი იყო მოქალაქეების მოქმედება”, -განაცხადა სესიააშვილმა “მოამბესთან” საუბარში.

სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი აქციის წევრები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად აქციაზე 21 მონაწილე დაშავდა მათ შორის 11 პოლიციელია.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველების მიერ დაკავებული 6 პირის გათავისუფლებასთან ერთად, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ და პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.